(სკ)ამაოების წინააღმდეგ

ის, რომ 17 მაისი ეს იყო ჭეშმარიტი პროტესტი ბოდი-ძალადობის წინააღმდეგ და არა მეინსტრიმული და ძალიან ზედაპირული "ჩემი-შენი-გეის" დიქტომიის ტიპის აქცია, ამაში მე ნამდვილად ძალიან დიდი საამაყო წვლილი მიმიძღვის. უცხოელ ტრენერთა შორის მსგავს საკითხებში სათანადოდ სიღრმისეულ დონეზე გათვითცნობიერებული ჯერ ერთიც არ შემხვედრია. აქციის მონაწილეებში და მათ შორის, ვინც ჩვენთან ერთად წამოსვლის სურვილი გამოთქვა, ბევრი იყო ჩემი მკითხველი და მეგობარი. ისინი ძალიან კარგად აცნობიერებდნენ, თუ რას ებრძოდნენ. ასე რომ, სწორედაც, ეს იყო წმინდა ეროვნული და არამეინსტრიმული იდენტობის აქცია და არა ვინმეს მიერ გარედან მართული. ირაკლი, გვანცა, ანი და ის სხვა ადამიანები, ვინც ჩემთან ერთად ეს აქცია მოაწყეს, ძალიან დიდი სინდისით და ინტელექტით გამოირჩევიან, ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით მისმენდნენ, აქვთ აბსოლუტურად დამოუკიდებელი აზროვნება და ისინი არ დაუშვებენ იმას, რომ ვინმეს მიერ იყვნენ მართულები. დასავლური ტიპის მასკულტურული აღქმა ლგბტ ადამიანების პრობლემების მიმართ ამ აქციაზე არ ყოფილა. ეკლესია კი ყოველთვის ძალიან მკვეთრად რეაგირებდა სწორედ ასეთ მიდგომებზე. ეკლესიას ძალიან მახვილი ყნოსვა აქვს, ეკლესია ძალიან მძაფრი საზოგადოებრივი მანქანა-ტერმინატორია. მან მთელი გაშმაგებით იყნოსა საფრთხე, საფრთხე განათლების, საფრთხე ინტელექტის, რაც უდავოდ მისი დომინირების აღსასრულს მოასწავებს და ერთ მუშტად შეიკრა. ამიტომ ეს იყო სწორედაც ეროვნული ინტელექტის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი საქართველოსადმი და პროგრესისადმი მტრულად განწყობილი გარეშე ბნელი ძალების მიერ მართული მასების მხრიდან. მე არ მინდოდა, რომ ჩემი ყველა მკითხველი და მხარდამჭერი გარეთ გამომეყვანა და დამერაზმა, რადგან ამდენი ხალხის ყვითელ ავტობუსებში შეყვანას შსს უკვე ნამდვილად ვეღარ შეძლებდა და კატასტროფა მოხდებოდა. მე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე, თავიდან ავიცილე რა რეალური სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რადგან რამდენიმე თვით ადრე რომ ამემუშავებინა ჩემი ყველა რესურსი, გამოვიდოდა ათასობით ლგბტ მხარდამჭერი და მოხდებოდა სრული კოშმარი. მაგრამ ის, რომ საერთოდ არ გამეპროტესტებინა მთელი ის ენითაუწერელი რეალობა და სიბინძურე, რაც საქართველოში ხდება და დავმალულიყავი, ჩემებისთვის მომეწოდებინა, "სახლებში დარჩით-მეთქი" და ა. შ. ამას ნამდვილად არ ვიზამდი, რადგან ანტიჰომოფობიური აქცია (თუნდაც ძალიან მცირერიცხოვანი და სიმბოლური) იყო სინდისის, ღირსების და თავმოყვარეობის საკითხი. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, მომავალში შემიძლია დავუმტკიცო, რომ ძალიან ბევრ ხალხს გამოვიყვან და საპატრიარქოს არაფორმალური "სპეცრაზმი" და ზონდერბრიგადები ნამდვილად ვეღარ შეძლებენ მათი მშვიდობიანი აქციის შეჩერებას. ამდენი წელი მე აქ ბამბას სულაც არ ვპენტავდი. არ შემიძლია უმრავლესობის მობილიზება, მაგრამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ნამდვილად შემიძლია. უბრალოდ, ვეღარ ავიტანე ის ყოველდღიური სულში ჩაფურთხება, რაც ქართული შავრაზმული პრესის, ინწილიგენწიის და სხვა ფაშისტური ჯგუფების მხრიდან ადამიანის სხეულის მიმართ და ლგბტ ადამიანების მიმართ ხორციელდება და როცა "იდენტობამ" აქცია დაანონსა, მეც ჩემის მხრივ ჩემი ხმა და მოწოდებები შევუერთე მას, ოღონდ მხოლოდ ისე, რომ გამართულიყო რაც შეიძლება სიმბოლური აქცია, და ჩვენის მხრივ ეს სიმბოლური აქცია, როგორც ჰაინრიხ ბიოლი იტყოდა, ეს "ქინძისთავის ჩხვლეტაც" კი ვერ მოითმინა იმ თეოკრატიულმა რეჟიმმა, რომელიც ყოველდღიურად ჯვარზე გვაკრავს და უსაშინლესად გვაწამებს.

ყველა ინტელექტუალი, ვინც კაცობრიობას და ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის არ-მოსპობის საქმეს რაღაც სასიკეთო შემატა, გაცნობიერებული ლგბტ ადამიანი, პოლიამანტი და ათეისტი იყო. ბევრი მათგანი უბრალოდ, გასაგები მიზეზების გამო ვერ ახდენდა საკუთარი რელიგიური მრწამსის და სექსუალური იდენტობის აფიშირებას. ამიტომ საპატრიარქოს დაპირისპირება ჩვენთან ეს იყო განსაკუთრებული ტრაგიკული მნიშვნელობის ფაქტი. საპატრიარქო 2013 წლის 17 მაისს ქვეყნის მომავალს, მის საუკეთესო ევროპულ ნაწილს დაუპირისპირდა. სულერთია, იმართება თუ არა ორგანიზაცია "იდენტობა" გიგა ბოკერიას მიერ. ჩემთვის ამას იოტისოდენა მნიშვნელობაც არ გააჩნია. სანამ ხალხში არსებობს სიბნელე, ქსენოფობია და უმეცრება, მანამდე ყოველთვის შეძლებენ ბნელი ძალები ასეთი ხალხით მანიპულირებას და ამაში დამნაშავე "იდენტობა" სულაც არ არის. "იდენტობას" ცუდი არაფერი ჩაუდენია, ის იცავს ლგბტ პირების უფლებებს, მე ვერ ვიხსენებ ამ ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ ცუდს და ამიტომ გიგა ბოკერია კურირებს მას თუ ვინმე სხვა, ეს არის მეასეხარისხოვანი. ამიტომ ის აზრი, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები "პროვოკაციისთვის" უნდა დაისაჯონ, არის აბსურდული და ძალიან აღმაშფოთებელი. ჩემი იდეაც იყო, რომ ჩატარებულიყო ანტიჰომოფობიური აქცია 17 მაისს, ეს არის ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე, ამ დღეს ყველა ქვეყნის ყველა ლგბტ უფლებადაცვითი პირი მართავს აქციას. სულ სხვა საკითხია ის, თუ გიგა ბოკერიამ შეგნებულად გააღვივა შუღლი გაუნათლებელ მოსახლეობაში საკუთარი აგენტურის (მღვდლები, გაზეთ "საქართველოს და მსოფლიოს" ჟურნალისტები და ა. შ.) მეშვეობით. მე ვფიქრობ, გააღვივა. მან რა თქმა უნდა იცოდა 17 მაისის შესახებ და ეცდებოდა ეს თარიღი და ამ დღეს დაგეგმილი აქცია სათავისოდ გამოეყენებინა, მაგრამ აქ "იდენტობა" რა შუაშია ვერ ვხვდები. მე არ ვარ "იდენტობის" წარმომადგენელი, მაგრამ არც მე შემიკავებია თავი, მეც წავედი ამ აქციაზე. ეს იყო პრინციპის საკითხი. რადგან გიგა ბოკერია არსებობს, მიხეილ სააკაშვილი არსებობს და მათი პარტია არსებობს, ტყვია უნდა დავიხალო შუბლში, აღარც აქციებზე წავიდე და აღარც სადმე სხვაგან? რა ლოგიკაა ეს მე არ მესმის. საქართველოს ხელისუფლება იმისთვის ჰყავს, რომ თუ მაგ. გიგა ბოკერია რაიმე პროვოკაციას გეგმავდა, ხელისუფლებას გამოევლინა და აღეკვეთა ის. ასე შეიძლება ხვალ მე რესტორანში წავიდე და ვინმემ პროვოკაცია მომიწყოს. აღარ წავიდე რესტორანში? "რომ იცოდით რაც მოხდებოდა, თავი უნდა შეგეკავებინათ," გაუთავებლად მესმის ეს ფრაზა. რა სიგიჟეა, რატომ უნდა შეგვეკავებინა თავი?! თურმე ნუ იტყვით და, მსგავსი აქციისთვის საზოგადოებრივი აზრი არ ყოფილა მზად! სხვამ რამ უნდა შეცვალოს საზოგადოებრივი აზრი გარდა იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მე არ მესმის. "მაშინ სად იყავით, ხელისუფლება რომ პატიმრებს საკნებში აწამებდა?" ეს ფრაზაც ხშირად მესმის "იდენტობის" მისამართით. "იდენტობის" წარმომადგენლები ყოველთვის აპროტესტებდნენ წამებას, მე მომსწრე ვარ იმის, რასაც ირაკლი ვაჭარაძე საკუთარ ფეისბუკზე წერდა როცა ოქტომბრის არჩევნებამდე ციხის კადრები გამოქვეყნდა. თავი რისგან უნდა შეგვეკავებინა 17 მაისს, საკუთარი მოვალეობის შესრულებისგან?! ცხოვრებაში პირველად მესმის, რომ საზოგადო მოღვაწის თუ უფლებადამცავი პირის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულება პროვოკაციაა. მსგავსი მარაზმი და სისულელე აქამდე არასოდეს მომისმენია. მსგავს ფრაზებში მე აშკარად ვხედავ მათი ავტორების ფარულ, მაგრამ საშინელ ჰომოფობიას და კაცთმოძულეობას. ძალიან ცუდი, თუ გიგა ბოკერიამ მოახერხა ხალხის დარწმუნება იმაში, რომ 17 მაისის ანტიჰომოფობიურ აქციას "ენმ" მართავდა და ამ ნიადაგზე შუღლი გააღვივა საბრალო ლგბტ ადამიანების და მათი უფლებადამცველების მიმართ. მაგრამ ეს ოდნავაც არ ამართლებს იმ ბნელ და საზიზღარ მასას, ჩვენ რომ მოსაკლავად დაგვდევდა. სისულელეა იმის მტკიცება, რომ ვითომ საპატრიარქოს ზომბებს ნაციონალების მიმართ ჰქონდათ აგრესია და ეს აგრესია ჩვენზე გადმოიტანეს, რადგან ნაციონალებთან გაგვაიგივეს. ეს არის ქართველი ხალხის იმ ნაწილის გამართლების უსუსური მცდელობა, რომელიც 17 მაისს ჩვენს მოსაკლავად აღსდგა და ვინც იმას ამტკიცებს, რომ მაშინ ჩვენს წინააღმდეგ შეკრებილი ზომბები ჰომოფობები და უკიდურესად დაბალი დონის არსებები არ არიან და ჰომოფობიის გარდა მათ ჩვენი დევნის რაიმე სხვა მიზეზი გააჩნდათ, ყველა ფაშისტი ნაძირალაა. საქართველოში შემზარავი მასშტაბების სიბნელე და ჰომოფობია მძვინვარებს. ეს არის ფაქტი და ის ხალხიც მოსაკლავად მხოლოდ იმიტომ დაგვდევდა რომ ჰომოფობები იყვნენ.

დღეს გამოდიან ზოგიერთები და ითხოვენ ჩვენს დასჯას. მინდა ვუთხრა ხელისუფლების წარმომადგენლებს: არ დავუშვებ და ვერ შევეგუები იმას, რომ ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილი ვინმემ დასაჯოს. ნებისმიერი ჩვენი მხარდამჭერი და ნებისმიერი ჩვენი გულშემატკივარი არის უძვირფასესი ადამიანი პირადად ჩემთვის და თითოეული მათგანის ინტერესებისთვის ყველა სამართლიანი ხერხით და მეთოდით ვიბრძოლებ ისე, როგორც ცხოვრებაში აქამდე არასოდეს მიბრძოლია. ჩემთვის მორალურად უკიდურესად მძიმე იქნება, დავუპირისპირდე "ქართულ ოცნებაში" მყოფ ჩემს თანამებრძოლებს, მეგობრებს და ახლობლებს და დიდი სიყვარულით მოვუწოდებ მათ, ნუ მაიძულებენ ამას.

თავდაპირველად მე განსაკუთრებით აღმაშფოთა და გამამწარა იმან, რომ ილია მეორემ აბორტების აკრძალვა მოითხოვა. ე. ი. მან არ იკმარა ის, რომ ჩემი ათეიზმის და ჩემი სექსუალური მრწამსის გამო "ქართული ოცნების" ლიბერალურ ფრთაში მყოფი ჩემი ახლობელი ადამიანები და მეგობრები ჩემთვის ხმის გაცემასაც კი ვერ ბედავენ და მიუხედავად იმისა, რომ მოვუწოდე, უკან წაეღო საკუთარი განცხადება, ძაღლადაც კი არ ჩამაგდო. მაგ არსებას სურს, რომ ჩვენი ქალები სარდაფებში დაიღუპონ, რომ ჩვენს "ახალგაზრდებს" პირველი და ისიც ერთჯერადი "სექსი" 45 წლის ასაკში ჰქონდეთ და ისიც მხოლოდ რეპროდუქციული მიზნით. ილია მეორე საბჭოთა "სუკ"-ის უბინძურესი მეთოდებით გვიპირისპირდება. მე 12 წელია ვიბრძვი სამოქალაქო უფლებებისთვის და კიდევაც ვიბრძოლებ სანამ ცოცხალი ვარ, ყველას წინააღმდეგ ვიბრძოლებ, სულერთია, ლუციფერი იქნება ეს, იესო ქრისტე, ილია მეორე, სტალინი, ჰიტლერი, პინოქიო, სააკაშვილი თუ "ქართველი ხალხი." საქართველო იღუპება, მას ღუპავენ პრიმიტიული არსებები. ადამიანის ჩაგვრა სულ უფრო შემაძრწუნებელ და არნახულ მასშტაბებს იღებს და ბოლოსდაბოლოს ვინმემ ხომ უნდა შეაჩეროს ეს უმდიდრესი, უბინძურესი და ყველაზე პრივილეგირებული ინსტიტუტი, ორთოდოქსული ეკლესია? 17 მაისს კარგად დავინახეთ, სადაც ვცხოვრობთ და მე გული ამერია. პირდაპირ სასწაულია, რომ ჩემს გარდა ილია მეორის კრიტიკას წლების მანძილზე სხვა თითქმის ვერავინ ბედავს. სხვათა შორის, რუსეთთან ერთად მე აქ ირანის სპეცსამსახურების კვალსაც ვხედავ. ირანს ნამდვილად აქვს სერიოზული ინტერესები კავკასიის რეგიონში და ვფიქრობ, საქართველოს საპატრიარქო ირანის სპეცსამსახურებისთვის ძალიან სასურველი ობიექტი იქნებოდა საკუთარი ბნელი ზრახვების ჩასადენად. დღეს სრული მორალური კარტბლანში აქვს საპატრიარქოს, რომ ითანამშრომლოს ნებისმიერ უბინძურეს გარეშე ძალასთან. ასეთი რეიტინგული საზოგადოებრივი ინსტიტუტი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის. არავინ შეიძლება იყოს ასეთი რეიტინგული! ეს დაუშვებელია. ეს მომაკვდინებელია. ქართველ ხალხს კი მინდა მოვუწოდო: ნუ აჰყვებით კრემლის თუ თეირანის სპეცსამსახურების პროვოკაციას. გონს მოდით. გამოფხიზლდით. გამოიღვიძეთ! სწორედ რუსეთს და ირანს სურთ, რომ საქართველო იყოს ჩამორჩენილი ქვეყანა და პირველი ლგბტ აქცია აქ მხოლოდ მას შემდეგ მოეწყოს, რაც მოსკოვში მოწყობილი ანალოგიური აქციიდან სულ მცირე 100 წელი მაინც გავა. მათ ინტერსებში არ არის თავისუფალი და განვითარებული საქართველო. ნუ ითამაშებთ საქართველოს მტრების თამაშს! ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ამასწინათ ბავშვების გეიაღლუმი გაიმართა, აუგსბურგელი მწვანეები კი და-ძმას შორის სექსის დაკანონებას ითხოვენ, რასაც გერმანული ინტერნეტმოსახლეობის დაახლ. 90 % მიესალმება, აქ კი... "აქ საქართველოა ძმაო!" აქ იმის თქმაც კი აკრძალული გვაქვს, რომ გეი არ უნდა სცემო, ხოლო როცა მსგავსი მოთხოვნით აქციას ვმართავთ, თურმე პროვოკატორები ვართ.

17 მაისის ანტიჰომოფობიური აქციის ბარბაროსული დარბევის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პეტიცია გაავრცელეს. ამ პეტიციას უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი შემოუერთდა. ფაშისტმა და ქალთმოძულე პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ პეტიციაზე ხელმომწერი ადამიანების სია გაყალბებულია. ამ ხალხს არ სურს დაინახოს, თუ რა ბევრნი ვართ. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მოგიწოდებთ ყველა ჩემს მკითხველს, მხარდამჭერს და გულშემატკივარს, საქართველოს საუკეთესო ნაწილს, შემოუერთდით ამ პეტიციას (იხ. ლინკი). ერთად ვუთხრათ უარი შუასაუკუნეობრივ ძალადობას და ქართული სახელმწიფოებრიობის აღასასრულს.



ფოტო: ჩემი ალბომი

21.05.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten