სანაყინე

საბჭოთა-ბოლშევიკური პროპაგანდა სსრკ-ს თანასწორობაზე კაცობრიობის ოცნების განსხეულებად ნათლავდა, მაგრამ რეალობა რადიკალურად განსხვავდებოდა სიტყვებისაგან; ათწლეულების მანძილზე პროგრესული იდეალების სახელით ჩადენილმა უამრავმა ბოროტებამ მეცნიერული ათეიზმი, თანასწორობა და ის სხვა უამრავი სიკეთე, რისკენაც საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის საუკეთესო ნაწილი მიისწრაფვოდა, სალანძღავ სიტყვებად გადააქცია. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია საქართველოში, სადაც ფემინიზმი, მემარცხენეობა და ათეიზმი დიდი ხნის მანძილზე უკიდურესად მარგინალიზებული გახდა. ქართული საზოგადოება უდავოდ დამნაშავეა იმაში, რაც ჩვენ ამ ბოლო ათწლეულების მანძილზე გადავიტანეთ. საჭიროა, საზოგადოება გონს მოეგოს და ეგოცენტრიზმის ნაცვლად სიკეთეს დაუთმოს გზა. მესმის, რომ ეგოცენტრიზმი არ არის ისე ხელწამოსაკრავი პრობლემა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. პრობლემის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანურ ბოროტებას ეროტიკული შარმი აქვს, ხოლო კეთილი ინდივიდი საქართველოს მსგავს, მონოკულტურულ, დოგმატიზებულ და ჩაკეტილ საზოგადოებებში თითქმის ყოველთვის ტოტალურ ფრუსტრაციას განიცდის. ამ უსაშინლესი პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ არის, ადამიანებს უბრალოდ მოვუწოდოთ, კეთილები გახდნენ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანური ბოროტების სახით საქმე გვაქვს უკიდურესად ჩახლართულ ფენომენთან. ეს შედარებით კარგად ესმოდათ კამიუს, სარტრს და ბერგსონს (მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ ადამიანების მხრებზე დგას თანამედროვე დასავლეთევროპული ცივილიზაცია). მთავარი ამოსავალი წერტილი მონოკულტურის არსის დამარცხებაა, ჩვენ უნდა დავივიწყოთ ბოროტების და სიკეთის ცნებები, როგორც ამას წინათ გვასწავლიდნენ და ხელახლა განვისწავლოთ. ადამიანებს უნდა მიეცეთ ურთიერთდაახლოების საშუალება, მაგრამ როგორ? რა ძალამ უნდა აიძულოს ადამიანი, შეიყვაროს მოყვასი თვისი, როცა მას გამუდმებით ურტყამენ და ამცირებენ? ადამიანები საქართველოში ყოველდღიური ძალადობის და აბსურდის ტირანიის მსხვერპლები არიან; ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობა არ აქვთ, ერთმანეთს აზრები თავისუფლად გაუზიარონ, ვიღაც მდიდარია, ვიღაც ღარიბი, ვიღაც მდედრობითი სქესის, ვიღაც მამრობითის, ვიღაც შავკანიანი, ვიღაც თეთრკანიანი და ა. შ. მსგავსი განსხვავებები მხოლოდ სოციალური დატვირთვის და შინაარსის მატარებელი არ არის, ეს განსხვავებები ამავდროულად ბარიერს წარმოადგენს, ზღუდეს, უფსკრულს, რომელიც ხშირად გადაულახავი რჩება. აზრების გაზიარების და სიახლოვის შესაძლებლობის გარეშე ადამიანებმა ერთმანეთი როგორ უნდა შეიყვარონ? რამდენ ქართველ ახალგაზრდას შეუძლია, თუნდაც უბრალოდ, სანაყინეში დაპატიჟოს თავისი განსხვავებული სქესის ინტერესების ობიექტი ისე, რომ მასზე ან მის ინტერესების ობიექტზე "ცუდი" არ იფიქრონ? საქართველოში განსხვავებული სქესის ადამიანების სრულფასოვანი ურთიერთობებისათვის მხოლოდ საჯარო სივრცე რჩება და ისიც იმდენად შეზღუდულია საკუთარი ვერბალური თუ სხვა სახის კონსტრუქციებით, რომ საბოლოოდ სრულ აბსურდამდე და კომიზმამდე დაიყვანება. აბსოლუტურად ყველა თვალსაზრისით საქართველოში ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ ჯოჯოხეთთან. მე ავბედითად მახსენდება იოსიპ ბროდსკის ერთი გამონათქვამი. ბროდსკი ამბობს, საბჭოთა მწერლების ნაწარმოებების თარგმნა და გავრცელება დასავლეთში პრინციპულად შეუძლებელიაო. სტალინმა იმდენად დააშორა სსრკ დასავლურ სივრცეს, იმდენად სხვა რეალობა ჩამოაყალიბა საკუთარი მიკროფლორით და ძალიან ავთენტური პრობლემებით, რომ დასავლეთისათვის შეუძლებელი გახადა ამ პრობლემების აღქმა და გაგება. ამიტომ იყო დოსტოევსკი პოპულარული დასავლეთში (მეფის რუსეთი, დოსტოევსკის თანამედროვე რუსეთი დასავლეთს ცოტა რაღაცით მაინც ჰგავდა). დღეს საქართველო საერთოდ არაფრით ჰგავს დასავლეთს, ეს არის რაღაც ენითაუწერელი კოშმარი, ლიბერალიზმის, კონსერვატიზმის, ეტატიზმის, მემარცხენეობის და სხვა ათასგვარი იდეოლოგიის საოცრად ბოროტი ჰიბრიდი. ამიტომ ის, რომ მემარცხენე იდეალები უნდა გავრცელდეს, ეჭვს არ იწვევს, ეს აუცილებელია, უდავოდ უნდა გაძლიერდეს მემარცხენე და ფემინისტური ტენდენციები, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ ეს იდეალებიც ისევე არ გაუკუღმართდება, როგორც წარსულში მოხდა სსრკ-ში, ან ამ ბოლო 9 წლის მანძილზე, როცა ლიბერალიზმი იმდენად გაუფასურდა და გაუპატიურდა, რომ ცოცხებამდე მივედით? ჩვენ ვხედავთ, რომ ნორვეგიამ შეძლო, შვედეთმა შეძლო, დანიამ შეძლო, ისლანდიამ შეძლო, კანადამ შეძლო, ამ ქვეყნებში ყველაფერი არ არის იდეალურად, მაგრამ ლიბერალური იდეალებიც ხორციელდება და მემარცხენე იდეალებიც, თანაც, ხორციელდება ალბათ დღეისათვის შესაძლო ყველაზე ოპტიმალური სახით, და რაც მთავარია, სულ უფრო მცირდება სოციალური და გენდერული უთანასწორობა, ისლანდიასა და ნორვეგიაში ჯინის კოეფიციენტი უკვე 0.25-ზე ნაკლებია, ქალები უკვე არათუ სანაყინეებში, არამედ სვინგერ-კლუბებში დადიან, მაგრამ ეს მათ ხელს სულაც არ უშლის, ძალიან მაღალი მდგომარეობა დაიკავონ საზოგადოებაში, აქ კი იდეას ვერ იტყვი ისე, რომ ათიათასმა დემაგოგმა არ დაგიმახინჯოს, ყველაფრის უკიდურესი გაუკუღმართება და გაუფასურება ხდება, თანაც საოცარი უტიფრობით. აგერ, გავუშვით რადიკალი უტიფრების, იდეალებზე რადიკალი მოძალადეების და რადიკალი გამაუკუღმართებლების პარტია პოლიტიკურ მოუსავლეთში, მაგრამ ამ პარტიას უზარმაზარი გავლენები და ფინანსური რესურსები დარჩა, სინდისი კი ამ პარტიის წარმომადგენლებს არ გააჩნიათ. მ. სააკაშვილის ხელისუფლებამ ძალიან ბევრჯერ გააუპატიურა საუკეთესო ადამიანური ფასეულობები. ამიტომაა, რომ დღეს საქართველოში მხოლოდ ძალიან ცოტას თუ სჯერა თანასწორობის იდეის, ამიტომაა, რომ უნუგეშოდ დარჩენილი საბრალო ადამიანები შვებას რელიგიაში ეძებენ, რაც მარქსის განმარტებით ხალხის ოპიუმია. კ. ბენდუქიძემ თქვა, "ყველაფერს გავყიდი სინდისის გარდაო." საქართველოში ასიათასობით ადამიანს აბსოლუტურად არ გააჩნია სინდისი, ხოლო ვისაც აქვს, მათი უდიდესი ნაწილი საბრალო, უენო, ბნელი, გაუნათლებელი ხალხია, მათი სინდისი არის სინდისი გამოქვაბულის ადამიანისა, ხოლო ასეთების პირისპირ დგანან სინდის- და ნამუსგარეცხილები უზარმაზარი ინტელექტუალური, შრომითი, იდეოლოგიური, ფულადი და სხვა რესურსებით. მე მართლა არ მესმის, რამ უნდა გადაგვარჩინოს, რამ უნდა გვიხსნას. დღედაღამ ვფიქრობ ერთიდაიგივეს და დაუსრულებლად ერთსადაიმავეს ვწერ. ჩემი წერით მართალია, არაფერი იცვლება (ვერც უსინდისოებს ვაგებინებ რამეს და ვერც ბნელებს), მაგრამ სხვა რა გზა მაქვს...

მინდა ვთქვა, რომ მე მემარცხენე ვარ და ყოველთვის მემარცხენე ვიყავი, მაგრამ არა მარქსისტი (მიუხედავად იმისა, რომ მარქსმა თავის ნაშრომებში უდავოდ ბევრი ძალიან კარგი მოსაზრება ჩამოაყალიბა). სკეპტიკოსი ვარ და მიმაჩნია, რომ დღეს სამყაროში მისი განვითარების დონიდან გამომდინარე, არ არსებობს თანასწორობის დამყარების წინაპირობები; მე მიმაჩნია, რომ შეუძლებელია, ერთი ხელის დაკვრით შეიცვალოს კაცობრიობა და ის ძალიან სწრაფად გაცილებით უკეთესი გახდეს. მაგრამ ზოგ ქვეყანაში მნიშვნელოვანი და ხელშესახები პროგრესი უკვე უდავოდ ჩანს. იმ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია მოსახლეობის განათლების და კულტურის საერთო დონე (თუნდაც ჩემს მიერ ზემოთნახსენები სკანდინავიის ქვეყნები), სოციალური უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის სულ უფრო მცირდება, სულ უფრო უმნიშვნელო ხდება რეალური უფლებრივი განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის და სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება ათეისტი (ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში ათეისტები უკვე უმრავლესობასაც კი წარმოადგენენ).

ყველაფერი ეს: ათეიზმი, დემოკრატია, გენდერული და სოციალური თანასწორობა, უსაფრთხო ცხოვრება, სექსუალური თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, სტაბილურობა პირად თუ საჯარო ცხოვრებაში, სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობა, კულტურის, განათლების და კეთილდღეობის მაღალი დონე ურთიერთგადაჯაჭვული და ურთიერთგანპირობებული სიკეთეებია. ზემოთჩამოთვლილთაგან ერთი რომელიმე კომპონენტის მეტნაკლებად ხანგრძლივი ვადით "წაშლა" ადრე თუ გვიან საბოლოოდ მთელი სისტემის მოშლას და დეგრადაციას იწვევს.

მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტური თანასწორობა ვერასოდეს დამყარდება, ზუსტად ისევე, როგორც კაცობრიობა ვერასოდეს მოახერხებს უკვდავების მოპოვებას. მაგრამ თანასწორობაცაა და თანასწორობაც, უკვდავებაცაა და უკვდავებაც. ჩვენ შეგვიძლია იმდენად შევამციროთ მომაკვდინებელი საფრთხეები (სიბერე, ავადმყოფობები, ბუნებრივი კატასტროფები, შუღლი და ა. შ.) და იმდენად შევამციროთ გენდერული და სოციალური უთანასწორობა, რომ განსხვავებები წარმოუდგენლად დაბალ ხარისხამდე იქნას დაყვანილი, რაც პრინციპში იქნება კიდეც თანასწორობა და უკვდავება (გააჩნია საკითხს როგორ შევხედავთ და როგორ გამოვხატავთ სათქმელს; საბოლოოდ ბევრი რამ სუბიექტურ აღქმაზეც არის დამოკიდებული; თვით საქართველოს მსგავს უკიდურესად ჩამორჩენილ და საშინელ ქვეყანაშიც კი შეგხვდებათ მრავალი ადამიანი, ვისაც თავი დღესაც უკვდავი და ეგალიტირებული ჰგონია, მაგრამ ეს ხომ არ არის ასე, სინამდვილე ხომ სულ სხვაა).

მაინც რა გზით უნდა მივაღწიოთ უკეთეს მომავალს? თვითგამოხატვის შემოქმედებითი გზები უამრავია, მაგრამ მე მაინც სკანდინავიურ მოდელს ვემხრობი. ჩვენ ბევრი უნდა ვისწავლოთ ნორვეგიელების, შვედების, ისლანდიელების და დანიელებისაგან და მუდმივად გავაუმჯობესოთ მათი საუკეთესო მიღწევები. მთავარია, კარგად გავაცნობიეროთ, თუ რა გზას უნდა დავადგეთ და განუხრელად მივყვეთ ამ გზას, თუ საერთოდ გვსურს, რომ რაიმე მომავალი გვქონდეს. აშშ არ შეიძლება იყოს მისაბაძი მაგალითი ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატები დღეს დაღმასვლის სტადიაზე იმყოფება, იქ სულ უფრო იზრდება სოციალური უთანასწორობა, შეინიშნება გენდერული უთანასწორობის ზრდა და ყველაფერი სწრაფად თუ არ შეიცვალა, საბოლოოდ ეს ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს ამ ქვეყნისათვის. ამერიკელები ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ იმას, რომ კრახი არამარტო სსრკ-მ განიცადა, არამედ თავადაც განიცდიან დღეს და ის, რომ დღეს ამერიკაში ჯერ კიდევ მაღალი ხელფასები და მაღალი ცხოვრების დონეა, არის მხოლოდ წარსულის ინერციის დამსახურება. ამერიკაში სულ უფრო მეტი ადამიანი ღატაკდება, ერთეულები კი გასაოცრად მდიდრდებიან. შეუძლებელია, ამან საბოლოოდ ძალიან სავალალო და დრამატულ შედეგებამდე არ მიიყვანოს ეს ქვეყანა. დაუშვებელია ის დოგმატიზმი, ცალმხრივობა და სწორხაზოვნება, რაც დამახასიათებელი იყო სსრკ-სათვის და რაც დღეს ამერიკასაც ახასიათებს. ასე თუ გაგრძელდა, ნეოლიბერალური დოგმატიზმი ისეთივე კატასტროფით დასრულდება, როგორი კატასტროფითაც მემარცხენე დოგმატიზმი დასრულდა სსრკ-ში. ამერიკა ჩვენი უერთგულესი მოკეთე და პარტნიორია, ჩვენი სამშობლოა, ჩვენი, დასავლური ცივილიზაციის და ჩვენი ძირძველი, დასავლური სივრცის ნაწილი, ხოლო ამ ქვეყანაში მდგომარეობის გაუარესება განსაკუთრებით სამწუხარო იქნება ჩემთვის. ყველაზე მისაბაძი ქვეყნები მაინც სკანდინავიის ქვეყნებია, აი, ამ ქვეყნებს უნდა მივბაძოთ, ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს, რომ გააზრებულად უნდა მივბაძოთ ამ ქვეყნებს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკვე დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ყველაფერი ჩვენი გადასაწყვეტია. არჩევნების წინ, როცა შეხვედრებს ვმართავდი, ძალიან ბევრი მეუბნებოდა, "მე კი მოვალ არჩევნებზე და მოგცემთ ხმას, მაგრამ ეს რას შეცვლის?!" როგორ არ შეცვლის, თითოეული ხმა გადამწყვეტია, თითოეული ადამიანის ქცევას და დაფიქრებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ დემოკრატიის სიკეთეებით სარგებლობა, თავისუფალ ცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ მას რეალიზაცია არ გავუკეთეთ, თავისთავად თავისუფლება ვერ მოგვიტანს სიკეთეს და კეთილდღეობას, და ის განყენებულ ცნებად დარჩება მხოლოდ. ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, მათ შორის, ძალიან მწვავედაც თუ საჭიროება მოიტანს, ოღონდ ეს იყოს არა კამათი კამათისათვის, არამედ იმისათვის, რომ ცხოვრება გაუმჯობესდეს, ძალიან დახვეწილად, გააზრებულად, მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ურთიერთსიყვარულით ვიმოქმედოთ და არა ბოლშევიკური მეთოდებით. სააკაშვილი სტალინს ჰგავდა, პატარა სტალინი იყო; მე როცა ანდრე ჟიდს ვკითხულობ და ვადარებ, ვხედავ, რომ მსგავსებები სტალინის და სააკაშვილის ქცევებს შორის გასაოცარია; ანდრე ჟიდი იყო ჭეშმარიტი მემარცხენე სულის ადამიანი, ის ძალიან პატიოსანი, სუფთა ადამიანი იყო და გული ეტკინა იმაზე, რაც საბჭოთა კავშირში დაინახა, საკუთარი გულისტკივილი გამოთქვა და სსრკ-ში მაშინვე მტრად შერაცხეს. როცა სსრკ-ს შესახებ ჟიდის ნაწერებს ვკითხულობ, სააკაშვილის საქართველო მახსენდება. ჟიდი ერთგან წერს, როცა ვინმე სსრკ-ში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ აზრს გამოთქვამს, მას მაშინვე "ოპოზიციას" უწოდებენო. ზუსტად ასევე იქცეოდა სააკაშვილიც. მისი პარტიისათვის შიდა დემოკრატია და აზრთა ჭიდილი აბსოლუტურად უცხო ცნებები იყო. თუნდაც ის სატელევიზიო კადრები ნახეთ, სადაც მას ადამიანები, ძირითადად ასაკოვანი ქალები ეხვევიან და ჰკოცნიან. ამდენი შეხვედრის ვიდეომასალა არსებობს, ამდენ ადამიანში როგორ ვერ გამოჩნდა ერთი მაინც, ვინც მას გააკრიტიკებდა, ეს ხომ სიცრუეა! სააკაშვილი იაფფასიანი და მდარე პიარით იყო დაკავებული. პიარი საერთოდ ცუდია, სიმართლე და გულწრფელობა ყველაფერს სჯობს, "ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო," ნათქვამია. სიცრუე ადრე თუ გვიან მაინც გამოაშკარავდება და გამოაშკარავდა კიდეც, ხოლო კრიტიკული შენიშვნების (მათ შორის, ძალიან სწორი და სამართლიანი კრიტიკული შენიშვნების) ყველა ავტორის "ოპოზიციად" გამოცხადებამ ის შედეგი გამოიღო, რომ ეს ადამიანები მართლა ოპოზიციაში წავიდნენ და შეცვალეს ხელისუფლება. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სამართლიანი და დასაბუთებული კრიტიკის, ხოლო ის, ვისაც ასეთი კრიტიკის ეშინია, დამნაშავედ უნდა მივიჩნიოთ. საბოლოოდ კი თითოეულ ჩვენთაგანს კარგად უნდა ესმოდეს, თუ საით მიისწრაფვის კაცობრიობა და არ გადავუხვიოთ საერთო გზიდან, ხოლო ამ გზაზე არც ნაუცბათეობა ვარგა და არც ხელოვნური დაყოვნება; როცა ავად ხარ, წამლის მიუღებლობამ შეიძლება მოგკლას, მაგრამ იგივე წამალს თუ დიდი დოზით მიიღებ, არც ეს დაგაყრის სიკეთეს, ხოლო ვინ ვინ და ჩვენი საზოგადოება დღეს ნამდვილად არ არის კარგად.



ჯენს რუში. კოლეჯი. სანაყინე

17.03.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten