25 სექტემბერი

2013 წლის 20 ივლისს დაგეგმილი აქცია, რომელიც სკოლებში სექსუალური განათლების დანერგვის მოთხოვნით თბილისში, დედაენის ძეგლთან იმართებოდა, გაუქმდა. აქციის გაუქმების მიზეზი გახდა ის აურაცხელი მუქარის და ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი შეტყობინება და კომენტარი, რაც დაუყოვნებლივ გაჩნდა მას შემდეგ, როგორც კი ეს აქცია დავაანონსე და რამაც საბოლოოდ მთელი ამ პროცესის ჩაშლა და პარალიზება გამოიწვია. ადამიანებმა კიდევ ერთხელ განიცადეს მუქარა და ტერორი რელიგიურ-ფაშისტური ჯგუფების მხრიდან, რამაც საბოლოოდ მაიძულა კიდეც, მიმეღო ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რადგან მე არ შემეძლო და ვერ დავაყენებდი ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი ადამიანების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას რეალური საშიშროების წინაშე.

როგორც უკვე ჩანს, მშვიდობიანი აქციების ჩაშლამ და დარბევებმა საქართველოში სისტემატური ხასიათი მიიღო და ერთგვარ "ტრადიციადაც" კი ჩამოყალიბდა (ზუსტად ისეთივე "ტრადიციად," როგორიც საქართველოში დღემდე არსებული ე. წ. ქალიშვილობის ინსტიტუტი და საქალწულე აპკის თაყვანისცემაა); რელიგიურმა ფანატიკოსებმა დაარბიეს და ჩაშალეს 17 მაისის აქცია, შემდეგ, იგივე ბედი ეწია ასურეთში დაგეგმილ "Misterika Festival"-ს და ბოლოს ჩემს მიერ ორგანიზებულ 20 ივლისის აქციას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქციის ჩატარების თარიღამდე დიდი ხნით ადრე ვთხოვე, მოეცათ ჩემთვის უსაფრთხოების ელემენტარული გარანტიები, რომ ეს აქცია მშვიდ ვითრებაში ჩაივლიდა, მათ ეს ვერ მოახერხეს. თუ წინათ მშვიდობიან აქციებს სააკაშვილის სპეცრაზმი და ნიღბიანი ზონდერბრიგადები არბევდნენ, დღეს ამ ზონდერბრიგადების და სპეცრაზმის ფუნქცია ფანატიკოსმა მრევლმა და ფაშისტურმა დაჯგუფებებმა იტვირთეს, ფანატიკოსმა მრევლმა და ფაშიტურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც ქვეყანაში სულ უფრო ძლიერდებიან და რომლებიც დაუსჯელობის სინდრომით გათამამებულები პარპაშებენ. შედეგი ერთი და იგივეა: ისევე, როგორც წინათ, ახლაც ვერ ხორციელდება გამოხატვის უფლება. ახლაც ისევე, როგორც წინათ, სააკაშვილის მმართველობის 9 წლის მანძილზე, საზოგადოება დაშინებული და დატერორებულია, ხოლო სახელმწიფო იქცევა ისე, თითქოს ის აღარც კი არსებობდეს. ყველაფერი ეს არის შედეგი 17 მაისისა, როცა მოძალადეები და დამრბევები სათანადოდ არ დაისაჯნენ და როცა ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა არ მოგვეცა, ჩაგვეტარებინა ჩვენი მშვიდობიანი აქცია. უკვე აშკარაა, რომ 17-მა მაისმა შექმნა ძალიან სახიფათო პრეცედენტი, რაც მთლიანად ქართული სახელმწიფოს არსებობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც 20 ივლისის აქციაში აპირებდით მონაწილეობის მიღებას. ნამდვილი გმირები ხართ და მე ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენ თანამებრძოლები ვართ. სკოლებში ხარისხიანი სექსუალური განათლების შეტანისთვის ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებ და თქვენც იგივეს მოგიწოდებთ. ჩვენი სკოლის მოსწავლეები არაფრით არიან სხვებზე უარსები და ისინი იმსახურებენ მინიმუმ ისეთივე მაღალი დონის სექსუალურ განათლებას, როგორც ეს მათ თანატოლებს გააჩნიათ დასავლეთ ევროპაში. მსგავსი განათლება, ყოველგვარი სოციალური და იდეოლოგიური კლიშეებისაგან თავისუფალი სექსუალური განათლება, ჩვენს სკოლებში აუცილებლად უნდა დაინერგოს და მე პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ეს ასეც მოხდეს. უახლოეს მომავალში ვგეგმავ ონლაინპეტიციის განთავსებას იგივე მოთხოვნით, რაზეც ხელმოწერის შესაძლებლობა ყველას გექნებათ და რასაც განსახილველად აუცილებლად წარვუდგენთ პარლამენტს. ხოლო იმისათვის, რათა ფაშისტურ და რელიგიურ-ფანატიკურ ძალებს ვუჩვენოთ, რომ ჩვენ უარს ვეუბნებით და პროტესტს ვუცხადებთ მათ მიერ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორს, მოგიწოდებთ, იმავე დედაენის ბაღში, სადაც სექსუალური განათლების მოთხოვნით ვაპირებდით აქციის ჩატარებას, ჩავატაროთ აქცია ძალადობის წინააღმდეგ. ეს აქცია გაიმართება 2013 წლის 25 სექტემბერს, დაიწყება დღის 13 საათსა და 30 წუთზე და დამთავრდება 17 საათსა და 30 წუთზე. ყველა აუცილებლად მოდით. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ მართული აქცია. ეს იქნება სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამართული აქცია. მოვითხოვოთ 17 მაისის დარბევის სრულფასოვანი გამოძიება, დამრბევი პირების სათანადო დასჯა და რელიგიურ-ფაშისტური დაჯგუფებების პარპაშის დასრულება; ვუთხრათ უარი თეოკრატიული ტირანიის დამყარების საფრთხეს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო ცხადი და ნათელი ხდება და რომელიც განადგურებით ემუქრება ჩვენს საზოგადოებას და სახელმწიფოს; უარი ვუთხრათ ჩვენს თანამედროვე სინამდვილეში გამეფებულ ძალადობის საოცარ კულტს; უარი ვუთხრათ საქართველოში გაბატონებულ შუასაუკუნეობრივ შეუწყნარებლობას განსხვავებული აზრის მქონე ინდივიდების და განსხვავებული სოციალური ჯგუფების მიმართ; უარი ვუთხრათ ისეთ სამარცხვინო და ძალადობრივ მოვლენებს, როგორიცაა სექსიზმი, ორმაგი მორალი, ქალის სექსუალობის კონტროლი, ქალისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება, სექსის დემონიზაცია, ტაბუ სექსზე და ა. შ. და ა. შ.

რამდენიმე ხნის წინ მე ვწერდი, "ბავშვები შიმშილით გვეღუპება-მეთქი" და პროტესტს გამოვთქვამდი ამ საშინელების წინააღმდეგ. როგორც დავინახე, ჩემი პროტესტი არავინ შეისმინა. აჭარაში მომხდარი ამ შემზარავი ამბის შემდეგ კიდევ ერთი ბავშვი დაიღუპა უსახსრობით, შიმშილით და სათანადო სამედიცინო მომსახურების არქონით, ხოლო ასევე ერთი მრავალშვილიანი დედა უკიდურეს სიღატაკეში გარდაიცვალა. ის, რაც ხდება უღარიბესი ოჯახების მიმართ, სხვა არაფერია, თუ არა უსასტიკესი ძალადობა და ენითაუწერელი სიბინძურე, ამიტომ 25 სექტემბრის აქციაზე მსგავს ფაქტებსაც აქტიურად გავაპროტესტებთ და მოვითხოვთ:

ა) სახელმწიფომ სასწრაფოდ მიიღოს ზომები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების აღრიცხვიანობის ეფექტურობის გასაზრდელად;

ბ) დადგეს სამსახურეობრივი გულგრილობის ჩამდენ იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც დროულად არ მიიღეს სათანადო ზომები და რომლებსაც ბრალი მიუძღვით აღნიშნულ პირთა ტრაგედიაში;

გ) საკმარისი თანხებით დაფინანსდნენ უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახები, რათა მათ გაუჩნდეთ არსებობისთვის საჭირო ადამიანური პირობები;

დ) შემოღებულ იქნას დაბალი საგანმანათლებლო ცენზის მქონე ოჯახების ბავშვებზე გარე მზრუნველობის ეფექტური მექანიზმები;

ე) შეიქმნას ყველა წინაპირობა იმისათვის, რათა ადამიანები უსახსრობით აღარ იღუპებოდნენ.

გავაპროტესტოთ ძალადობა. დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ცივილიზებულ, ადამიანურ ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას და რომ ჩვენც გვაქვს მორალური უფლება, ევროპელები გვერქვას.

ვინც 25 სექტემბრის აქციაში მონაწილეობა გადაწყვიტეთ, გთხოვთ, გადამისამართდეთ შესაბამის ბმულზე და შეუერთდეთ ფეისბუკზე დაგეგმილ ანალოგიურ ღონისძიებას სახელწოდებით "აქცია ძალადობის წინააღმდეგ."

სიმართლე ჩვენს მხარესაა. ამიტომ ნუ მივეცემით აპათიას და სასოწარკვეთას. ბრძოლა გრძელდება.



ფოტო: animalnewyork.com

17.07.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten