საახალწლო ლობიო უპუროდ

არჩევნებამდეც და შემდეგაც მე არაერთხელ მითქვამს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ეს იყო ბრძოლა ძალიან ცუდსა და უარესს შორის. ასეთი მძიმე და კატასტროფული ვითარება რომ არ ყოფილიყო, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა აზრადაც კი არ მომივიდოდა. აღარაფერს ვამბობ ციხეებში გაუპატიურების და ათასი სხვა უმსგავსობის თემაზე, რაც რასაკვირველია უმძიმესი დანაშაულია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დემოკრატიის საფუძველთა საფუძველს, არჩევნებს შეეხო, ეს პარტია არჩევანს ართმევდა ხალხს; როცა ოპოზიციონერი იყავი, ებრძოდი არა უბრალოდ მმართველ პარტიას (რაც ისეთ ჩამორჩენილ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თავისთავად ისედაც ძალიან რთულია), არამედ მთელ სახელმწიფო მანქანას, დაწყებულს საიდუმლო სამსახურებით, დამთავრებულს ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნოდ გამოყენებით, არჩევნების გაყალბებით და უზარმაზარი დაფინანსებით. მე ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ადამიანის წინაშე, ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა.

2010 წელს საქართველოს ჰქონდა კარგი შანსი, რომ ლიბერალური ორიენტაციის პოლიტიკურ ძალას, "ალიანსს" გაემარჯვა. "ალიანსს" მაშინ ძალიან კარგი რეიტინგი ჰქონდა, გამარჯვებას თუ ვერ მოვახერხებდით, ძალიან სერიოზულ შედეგებს მაინც დავდებდით, რომ არა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი აურაცხელი სიბინძურე ამ არჩევნებზე. დღეს ქვეყანას სოსო ჯაჭვლიანის მსგავსი სუბიექტები მართავენ და ეს ერის დიდი ტრაგედიაა. არ ვიცი, კიდევ უფრო დიდი ტრაგედია იქნებოდა თუ არა, 2012 წელს ისევ ნაციონალებს რომ გაემარჯვათ, მაგრამ ფაქტია, 2010 წელს "ალიანსმა" ვერ გაიმარჯვა, შესაბამისად, ბნელ და შავრაზმულ ძალებს შესაძლებლობა მიეცათ, ძალიან სოლიდურად იყვნენ წარმოდგენილები ხელისუფლებაში. სწორედ ნაციონალებს მიუძღვით ბრალი იმაში, რომ საქართველოში დღეს ასე ძალიან ბნელა, ბრალი მიუძღვით იმაში, რომ არსებობს თეოკრატიის დამყარების საფრთხე და რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ორთოდოქსული ეკლესიის და ფაშისტური მასმედიის მეშვეობით ამხელა გავლენა მოიპოვეს. ეს რომ ასე არ მომხდარიყო, პროცესი 2010 წელს რომ ზუსტ სამართლებრივ ჩარჩოებში წარმართულიყო, ჩვენ დღეს გვექნებოდა გაცილებით უფრო ლიბერალური სახელმწიფო. საუბედუროდ ეს ასე არ მოხდა. განვითარების ისტორიული შანსი გავუშვით ხელიდან.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სულაც არ ვნანობ, რომ "ქართულ ოცნებას" დავუჭირე მხარი, მიუხედავად ჩემი წინასაარჩევნო დიდი სკეფსისისა ამ პოლიტიკური ძალის მიმართ. ბიძინა ივანიშვილი არც ინტელექტით ბრწყინავს და არც გემოვნებით, მას გემოვნების და ინტელექტის მხრივ უდავოდ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემები აქვს, თუმცა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაცილებით უფრო თავისუფალია, ვიდრე აქამდე, ოდესმე ყოფილა. შედარებაც კი არ არსებობს ამ და წინა არჩევნებს შორის. ამ მხრივ განსხვავება დღესა და ღამესავით ნათელია.

ამ ფონზე ლიბერალურ წრეებში ბოლო დროს ხშირად კამათობენ, ხომ არ აფერხებს დემოკრატიული ფასეულობების განხორციელება ლიბერალური ფასეულობების განხორციელების პროცესს. ფაქტია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ქვეყანას უმრავლესობა მართავს, უმრავლესობას კი გემოვნებაც და ინტელექტიც მდარე აქვს. მაგრამ დემოკრატია არ ნიშნავს უმრავლესობის მმართველობას. დემოკრატია ელექტორატის, არჩევნებში მონაწილე პირთა, ანუ ამომრჩეველთა უმრავლესობის მმართველობას ნიშნავს. ცნობილი ფაქტია, რომ განსაკუთრებით მდარე გემოვნების და ინტელექტის მქონე პირები არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ იღებენ. მათ უბრალოდ, არ გააჩნიათ არჩევნებში მონაწილეობის კულტურა, რადგან საარჩევნო კულტურა ინდივიდის ზოგადი კულტურის შემადგენელი, განუყოფელი ნაწილია. ასე რომ, ის ხალხი, ვინც მაგალითად, ჰომოსექსუალების, შავკანიანების ან ბაპტისტების ლინჩის წესით გასამართლებას ემხრობა, როგორც წესი, არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ზოგი, მაგალითად იმის გამო, რომ ხელზე მარკირების სითხე არ დაასხურონ, რადგან მარკირების სითხე მისთვის ეშმაკის მოგონილია, ზოგი რაიმე სხვა, მსგავსი ირაციონალური მიზეზის ან სულაც, არჩევნების მიმართ პირადი არასერიოზული დამოკიდებულების გამო. ასე რომ, დემოკრატია არათუ ეწინააღმდეგება ლიბერალური ფასეულობების დამკვიდრების პროცესს, არამედ პირიქით, მხოლოდ დემოკრატიული საზოგადოებაა ერთადერთი საზოგადოება, სადაც ლიბერალური ფასეულობები შეიძლება ჩამოყალიბდეს და განვითარდეს. ავტორიტარიზმი, დიქტატურა, ტირანია, ეს ყველაფერი ლიბერალური ფასეულობების უპირველესი მტერია. ის, ვინც ლიბერალურ დიქტატურას ემხრობა, ან სულელია და სათანადო სიღრმისეულ დონეზე ვერ აცნობიერებს საზოგადოების განვითარების არსს ან – შეგნებული ბოროტგანმზრახველი. ზოგადად, ლიბერალური დიქტატურა ისეთივე სულელური ცნებაა, როგორც მაგალითად, ცხელი ყინული, ჩემთვის სრულებით წარმოუდგენელია ლიბერალური ავტორიტარიზმის არსებობა, დიქტატურასა და ტირანიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასე რომ, მე ვერ ვიტყვი, თითქოს მაგალითად, ჰომოსექსუალების უფლებების დაცვა პოლიტიკოსს აჩანაგებდეს ელექტორალური თვალსაზრისით, თუმცა, საუბედუროდ, ეს ფაქტორი საქართველოს მსგავს ქვეყნებში პოლიტიკოსს დიდად არც ეხმარება და ხშირად პირიქით, მნიშვნელოვანწილად აბრკოლებს კიდეც, რაც დემოკრატიის ხარვეზებზე, კერძოდ კი, მახინჯ დემოკრატიაზე მიუთითებს და არა ლიბერალიზმის ხარვეზებზე. მაგრამ თუ ჩვენ დემოკრატიას იმ მიზნით დავასამარებთ, რომ ლიბერალიზმს დავეხმაროთ, ეს იგივე იქნება, მოვკლათ პაციენტი, რათა მოვსპოთ მისი დაავადება.

ამასთან ერთად, მე სულაც არ მიმაჩნია, რომ თავისუფალი არჩევნები ლიბერალიზმის ტრიუმფისთვის საკმარისია. საჭიროა, სამართლიანი არჩევნების ჩატარების პარალელურად დაინერგოს მნიშვნელოვანი ზოგადი პოლიტიკური კულტურა, რაც ოდიოზური ფიგურების პოლიტიკაში ყოფნის შესაძლებლობას გამორიცხავს.

წითელი ქხმერები კამბოჯაში მხეცურად აწამებდნენ და ხოცავდნენ ყველას, ვინც წერა-კითხვა ან რომელიმე უცხო ენა იცოდა. წერა-კითხვის და უცხო ენების მცოდნე ადამიანები გამარჯვებული "ხალხის" პარტიამ "ამერიკის აგენტებად" და "კაპიტალისტებად" მონათლა. ლგბტ ადამიანებს აღმოჩენისთანავე უსასტიკესად აწამებდნენ და ხოცავდნენ. 1975 წლიდან 1979 წლამდე წითელი ქხმერების მიერ წარმოებულ უშუალო ტერორს დიქტატორ პოლ პოტის მეთაურობით, კამბოჯაში 2,5 მილიონი ადამიანი შეეწირა. ამაზე გაცილებით მეტი დაიღუპა დეპორტაციების შედეგად. წითელ ქხმერების მთავრობას სოფლად კოლმეურნეობების ჩამოყალიბება სურდა, ამიტომ 24 საათის მანძილზე 2,4 მილიონიანი პნომ პენი სრულებით დაცარიელდა (დედაქალაქში დარჩა მხოლოდ 20 000 წითელი ქხმერი). დედაქალაქის მცხოვრებლები გაგზავნეს ტყეების გასაკაფად, მიწის სამუშაოებზე და ბრინჯის მოსავლელად, მათ კარვებში აცხოვრებდნენ, ყოველდღე შეკრებას და მარშირებას აიძულებდნენ, ხოლო საჭმელს არ აძლევდნენ. მათი ერთადერთი საკვები ბრინჯის ერთი მუჭა, უგემური ფაფა იყო, რაც მთელი დღე უნდა ჰყოფნოდათ. მარშირების პროცესში დასუსტებული ადამიანები ხშირად ეცემოდნენ მწკრივში, რა დროსაც მათ ადგილზე ხვრეტდნენ. ამ ყოველივეს შედეგად 1970 წელს "აზიურ შვეიცარიად" წოდებული სახელმწიფო, რომელსაც აღმოსავლეთში ყველაზე მაღალი ცხოვრების დონე ჰქონდა, 1979 წლისთვის გაპარტახდა და მსოფლიოს უღატაკეს ქვეყნად გადაიქცა.

აი, ასეთი შედეგები მოიტანა უმრავლესობის ბატონობამ უმცირესობებზე, რადგან არ არსებობდა მათი თანაარსებობის ელემენტარული კულტურა. ამიტომ დემოკრატია უმცირესობების მიმართ სათანადო დამოკიდებულების გარეშე გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე ნებისმიერი ფორმის ტირანია, რასაც უმცირესობები ამყარებენ უმრავლესობაზე. დაუშვებელია, უმრავლესობის აზრი ყველგან და ყველაფერში გავითვალისწინოთ, უმრავლესობის აზრის გათვალისწინება დაუშვებელია იქ, სადაც კერძო საკუთრების პრინციპების მოქმედება და უმცირესობების უფლებები და თავისუფლებები იწყება. როგორც კერძო საკუთრება, ასევე უმცირესობების უფლებები და თავისუფლებები უზენაესი და ხელშეუვალი ფასეულობებია. ამიტომ ყველა ის პოლიტიკოსი, მღვდელი თუ "კულტურის მოღვაწე," რომელიც აშკარად თუ ფარულად ცდილობს უმრავლესობის სიმპათიების მოპოვებას უმცირესობების ვიტალური ინტერესების დათრგუნვის ხარჯზე, არის უსინდისო არამზადა, ასეთებს მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს. თუ პარტიებში არიან ასეთები (არადა, ასეთები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში იმდენია, რამდენიც ტილი რუსული ღორის უკანალზე), სასწრაფოდ მათი მარგინალიზაცია, გარიყვა და ყოველმხრივი იზოლაცია უნდა მოხდეს, ასეთები ყველამ უნდა გარიცხოს საკუთარი პარტიების რიგებიდან, როგორი დიდი მხარდაჭერაც არ უნდა გააჩნდეთ მათ ხალხის უმრავლესობის მხრიდან. ჩვენ ურყევი ერთიანი სტანდარტები უნდა დავამკვიდროთ, რასაც მთელი პოლიტიკური სპექტრი დაემორჩილება.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია "ქართული ოცნების" რეიტინგი დაფუძნებული იყო ძირითადად უპასუხისმგებლო და ძალიან სახიფათო ხალხის დანაშაულებრივ რიტორიკაზე. დიდწილად სწორედ ამ რიტორიკამ მოიგო არჩევნები. მსგავსი მოგება არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე არჩევნების მოგება მათი უშუალოდ, საარჩევნო ურნებთან გაყალბების გზით. ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას მართალია, დაგვპირდა, რომ ეს პოპულისტები და დემაგოგები შეიცვლიდნენ დამოკიდებულებას უმცირესობების მიმართ (არადა, მე სწორედ ამ დაპირების გამო მივეცი ხმა "ქართულ ოცნებას"), მაგრამ როგორც ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები ცხადჰყოფს, მან ეს დაპირება არ შეასრულა. ამიტომ მინდა მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს, რომ რაც შეიძლება მკაცრად გაესაუბროს ამ ხალხს, სულ მცირე, მისცეს მათ ძალიან მკაცრი გაფრთხილება მაინც, რომ ისინი დაუყოვნებლივ დატოვებენ კოალიციის რიგებს, თუ უმცირესობების წინააღმდეგ აშკარა თუ ფარულ მოქმედებას განაგრძობენ ამ უკანასკნელთა უფლებების და თავისუფლებების შელახვის მიზნით და საკუთარი უპასუხისმგებლო განცხადებებით და საქციელით წაახალისებენ უმცირესობების ტერორს. სწორედ ტერორის წახალისებაა ის განცხადებები, რაც 17 მაისის მოვლენებზე გაკეთდა კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან! ჩვენ გეების, ლესბოსელების ან მუსლიმების ოდნავ არაკომფორტულ ყოფასაც რომ ვაპროტესტებდეთ ჩვენს საზოგადოებაში, ხელისუფლებამ ძალიან ყურადღებით უნდა მოგვისმინოს. არათუ ის, რომ ლგბტ ადამიანები, მუსლიმები ან ნაციონალები ვინმემ სცემოს და დახოცოს, არამედ მხოლოდ სამსახურში, კარიერული წინსვლის თვალსაზრისით რომ ექმნებოდეთ მათ სავარაუდო უმცირესი პრობლემები მაინც, მათ რომ ვინმე, თუნდაც 5 ადამიანი მაინც დასცინოდეს, ესეც კი ძალიან საგანგაშოა, ხოლო ამ ფონზე წარმოიდგინეთ, როგორი კატასტროფა და საშინელება იყო ის, რაც 17 მაისს მოხდა. ვიღაც პოლიტიკოსები როგორ ბედავენ, რომ ფაშისტი მღვდლების მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ, სუფრებზე ეპატიჟებიან მათ და მათთან ერთად ხელიხელგადახვეეულები ერთობიან?! და ამ ყველაფრის შემდეგ ასეთმა პოლიტიკოსებმა უნდა მასწავლონ მე პოლიტიკური კულტურა?!

ამასწინათ რეზო ამაშუკელს როცა დავცინე, დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" ბევრი მხარდამჭერი გაღიზიანდა. მაგრამ რეზო ამაშუკელს მართლა არ გააჩნია მორალური უფლება, "გნაცები" უწოდოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თუ მხარდამჭერებს! იმის გამო, რომ რეზო ამაშუკელი მსგავს ტერმინოლოგიას იყენებს (რითაც ნაციონალებთან ერთად შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს), ეს კაცი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და მას მე ყოველთვის დავცინებ კიდეც და დავუპირისპირდები კიდეც, ვისაც არ უნდა ეწყინოს ეს (თავად ის ფაქტი, რომ მსგავსი რაღაც ვინმეს სწყინს, არის ძალიან დიდი ტრაგედია). ჩვენ სამართლიანი კრიტიკის მოსმენა უნდა შეგვეძლოს, ხოლო კრიტიკის ავტორები "მტრებად" და "ჩანერგილებად" კი არ უნდა გამოვაცხადოთ, არამედ ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ მათ და ანგარიში გავუწიოთ მათ აზრს.

რამდენიმე ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, რომ აქტიური პოლიტიკიდან მალე სამოქალაქო სექტორში წავა და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე იზრუნებს. ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იქნებოდა ამ წერილის პათოსი, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს სერიოზულად რომ აღვიქვამდე. დღეს ჩემთვის ეს ძალიან სასაცილოა. ბატონი ბიძინა ჩვენსკენ მოემართება! ზოგიერთებმა იმდენი იძახეს, "ღმერთო, მეტეორი გვესროლეო," რომ აუხდათ ნატვრა როგორც იქნა.

გაბედავას უხაროდეს. ალბათ 1 მილიონს მისცემს და მღვდლები აქამდე თუ ჯიპებში ისხდნენ და "ტაბურეტკებს" გვირტყამდნენ თავში, ახლა უკვე უზარმაზარი, ბაროკოს სტილის ანტიკვარული ავეჯით "შეიარაღდებიან" და ბეტმენის ავტომანქანებით გადმოვლენ იერიშზე. ჩემი კომენტარი ასეთია: გვერდში დგომა არა იხვი. ვინც სერიოზულ კომენტარს (თუნდაც ნეგატიურს) ელის ჩემგან, იმედები მინდა გავუცრუო. ივანიშვილის და მიხეილ-გელა სალუაშვილის განცხადებებზე სერიოზულ კომენტარებს აღარ გავაკეთებ. დამთავრდა ის დრო, როცა იმდენად სულელი ვიყავი, რომ სერიოზულ კომენატრებს ვაკეთებდი ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე. არაუშავს, წინათ თუ მარტო ხელისუფლებას დავცინოდი, ახლა ხელისუფლებასაც დავცინებ და სამოქალაქო საზოგადოებასაც, მის რომელიმე აქტივისტს გიორგი გაბედავასთან ერთად (თავ)წახრილს რომ დავინახავ რომელიმე მსუყედ დაფინანსებულ და ძალიან "საინტერესო" პროექტზე სახელწოდებით "როგორ ვცემოთ გეი," "რა ფერის ჯიპი მოუხდება მამაოს" ან "როგორ დავარბიოთ მეჩეთი."

ივანიშვილი დაგვპირდა, რომ გაგვანთავისუფლებდა სააკაშვილის ტირანიისაგან, ოღონდ ის არ უთქვამს, მამობრივი მზრუნველობის მარწუხებში რომ მოაქცევდა მთელ ერს.

არჩევნებამდე იყო ძალიან მძიმე სიტუაცია, გამეფებული იყო ძალიან სერიოზული ტერორი. მთელი მოსახლეობა დაშინებული იყო. ამ დროს მე ყვარლის შტაბში ვმუშაობდი: დავდიოდი წინასაარჩევნო შეხვედრებზე, ვწერდი სტატიებს გაზეთ "ქართული ოცნებისთვის," ვეწეოდი აგიტაციას, რჩევებით და უშუალო გვერდში დგომით ვეხმარებოდი კოალიციის რამდენიმე კანდიდატს. ჩვენთან ერთად იყო სულ დაახლოებით 10-15 ადამიანი. მე იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც თვეების მანძილზე, სისტემატიურად გვედგა გვერდში და ყოველდღიურ რეჟიმში შრომობდა და იბრძოდა. საქართველოში სულ რამდენიმე ათეული მუნიციპალიტეტია. ანალოგიური ხდებოდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც და უხეში დაანგარიშება რომ მოვახდინოთ, სადღაც დაახლ. 600-700 ადამიანი გამოვა. ესენი იყვნენ ძირითადად უზომოდ შეჭირვებული ადამიანები, რომლებსაც ნაციონალები ხშირად დიდ ფულს სთავაზობდნენ, მაგრამ ისინი არ გაიყიდდნენ და ერთგულად და სრულიად უანგაროდ გვედგნენ მხარში. ივანიშვილმა ეს ადამიანები მოატყუა. მე შევხვდი ამასწინათ ერთ-ერთ კოორდინატორს. ამ კაცმა მითხრა, რომ მის ოჯახს ცარიელი, უპურო ლობიო ჰქონდა 2013 წლის საახალწლო სუფრაზე. აი, ასე მოექცა ივანიშვილი საკუთარ აქტივს. სამაგიეროდ წლების მანძილზე ათასობით მუქთახორა "კულტურის მოღვაწეს" აფინანსებდა. ის მათ ფულს დღემდე უხდის. ივანიშვილის მიერ დაფინანსებული "კულტურის მოღვაწეები" ძირითადად არიან სუბიექტები, რომლებსაც ცხოვრებაში ღირებული არაფერი შეუქმნიათ. საზოგადოებისთვის ისინი ცნობილები არიან რასისტული და ჰომოფობიური განცხადებებით. ისინი ყველაფერ კარგს და პროგრესულს გააფთრებულები ეწინააღმდეგებიან და ხშირად ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტსაც იყენებენ ამ "საქმეში." ამიტომ ჩემთვის სასაცილოც კი არაა ის ვარაუდი, რომ ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოებას ააყვავებს. სასაცილოდ ჯერ მხოლოდ ივანიშვილის მიერ სახელმწიფო თანამდებობებზე მოყვანილი ხალხი კმარა. თუ არ ჩავთვლით "რესპუბლიკელებს" და "თავისუფალი დემოკრატების" აქტივის ნაწილს, ასევე ერთი-ორს "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან," ძირითადად ეს სრულიად უმეცარი, წერა-კითხვის არმცოდნე და ჰომოფობი ხალხია.

მე ხშირად მაბრალებენ, რომ "გრანტიჭამია" ვარ. არადა, სინამდვილეში არასოდეს მიმიღია გრანტი. ყოველთვის მხოლოდ სარეკლამო შემოსავლები მქონდა და წიგნებს ვყიდდი. იმიტომ არ ვამბობ ამას, რომ "აი რა მაგარი ტიპი ვარ." რომ მიჭირდეს, სოროსისგან დიდი სიამოვნებით მივიღებდი გრანტს. ასევე უარს არ ვიტყოდი, ბილ გეითსი ან ალფრედ ნობელი თუ დამაფინანსებდნენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი... ნუ ეს ისეთი თემაა... არასერიოზული. გეითსი და სოროსი ინტელექტუალები არიან, გრანტის მიღება მათგან სამარცხვინო არ არის, აი ივანიშვილისგან გრანტის მიღება კი სამარცხვინოა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. ისე, ერთი პერიოდი კი ვაპირებდი განცხადების დაწერას ფონდ "ქართუს" სახელზე, მეგობრებმა მირჩიეს, მაგრამ მერე გადავიფიქრე, განცხადება არ დამიწერია. ეს არაეთიკური საქციელი იქნებოდა. არ მინდა ამ კაცთან რაიმე შეხება მქონდეს (დარწმუნებული ვარ, საბედნიეროდ, არც თვითონ უნდა). მამაჩემიც რომ იყოს და შვიდი კი არა, 700 მილიარდი ჰქონდეს, ერთ თეთრსაც არ გამოვართმევდი. არსებობს ხალხი, რომლისაგანაც ვერ მიიღებ ფულს, რამდენიც არ უნდა გეხვეწოს და ამ ფულს როგორ უანგაროდაც არ უნდა გაძლევდეს. ივანიშვილის დაფინანსება დამახრჩობდა, ყელში წამიჭერდა, ამიტომ არც დავწერე განცხადება. 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე რომ მხარში დავუდექი, იმიტომ არ გამიკეთებია ეს, რომ ან ფული მინდოდა ან კარიერის გაკეთება მსურდა. შემეცოდა, კარგად ვიცოდი, რასაც უზამდა სააკაშვილი მე რომ გვერდში არ დავდგომოდი და ეს ამიტომ ვქენი. ჩემი მეგობრები ხშირად მთავაზობდნენ ფულს, რომ ფული ჩემს შრომაში მაინც ამეღო, მაგრამ ისიც არაეთიკური იყო, ანგარიშებდაყადაღებული კაცისთვის ფული რომ გამომერთმია. სჯობდა, ამ ფულით პლაკატები დაებეჭდათ და 2 ხმით მეტი აეღოთ. ამიტომ ფული არც მაშინ გამომირთმევია. არჩევნები დამთავრდა, სიმშვიდეა და ახლა ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. რაღაც სისულელეების შელამაზებულად წარმოჩენას კი ნურავინ მომთხოვს. სულერთია, ამას მაინც არ ჩავიდენ, თუნდაც 5 მილიარდი გადამიხადონ.

ივანიშვილს თავდაპირველად მართლა ჰქონდა ჩემის მხრივ გაცხადებული ნდობა. ვერ ვიტყვი, პოლიტიკაში მოსვლისთანავე ვენდე-მეთქი, მაგრამ უშუალოდ, როცა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, ნდობა მაშინ გამოვუცხადე. ამის მიზეზი გახლდათ მის განცხადებებთან ერთად რომ დაიცავდა უმცირესობების უფლებებს, ასევე ისიც, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად ირაკლი ალასანია დაასახელა. ირაკლი სულაც არ არის გენიოსი, მაგრამ კოალიციაში ის ნამდვილად ბრწყინავს. ალასანიას ფაქტორი, 17 მაისი, ჭოლას მინარეთის დანაშაულებრივი დემონტაჟი, "პოლიტპატიმრების" თემა, "ქართული ოცნების" მოტყუებული და სულში ჩაფურთხებული აქტივი, ასევე სხვა უამრავი რაღაც არის ძალიან სერიოზული მიზეზები საიმისოდ, რათა ამ კაცს მე აღარასოდეს ვენდო და არათუ არ ვენდო, არამედ ძალიან სასაცილოდაც მიმაჩნდეს მისი განცხადებები. მის კოალიციას ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზეც კი ერთიანი პოზიცია და რაიმე ტიპის იდეოლოგია არ გააჩნია. ის, რომ პოლიტიკურ ძალას იდეოლოგია უნდა გააჩნდეს და ის, რომ პოლიტიკური ძალა საკუთარ აქტივზე უნდა ზრუნავდეს, არის პოლიტიკური პროცესის ანაბანა. ივანიშვილი ამბობს, რომ ეს კოალიციაა და არა პარტია და იდეოლოგია მას ამიტომაც არ გააჩნია, მაგრამ ეს იმდენადვე სასაცილოა, რამდენადაც სატირალი. როგორ შეიძლება, ხელისუფლებას იდეოლოგია არ გააჩნდეს?! ვიღაც მინარეთს ხსნის, ვიღაც გმობს ამას, და ამას აკეთებს ერთიდაიგივე ხალხი. ეს სიგიჟეა. შემზარავი იყო თეა წულუკიანის განცხადება, რომ მინარეთის თემაზე ლოკალური რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ფაქტიურად დღეს საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს. ქვეყანაში უმართავი პროცესები ვითარდება და ეს არის შედეგი იმისა, რომ არ არსებობს ერთიანი იდეოლოგია და სისტემური მიდგომები უმნიშვნელოვანესი საკითხების მიმართ. ვფიქრობ, ეს ძალიან სჭირდება ივანიშვილს: დასუსტებული, ქაოსით მოცული, ბნელი და მორჩილი ხალხით დასახლებული სახელმწიფო, სადაც ის პატრიარქ ილია მეორესთან ერთად მეორე მესია გახდება და პროცესებს მართავს. მღვრიე წყალში თევზის დაჭრა იოლია. ივანიშვილმა უკვე დააკომპლექტა მთავრობა აბსოლუტურად მორჩილი ხალხით, ხოლო ახლა სურს, რომ ისედაც ძალიან მძიმე დღეში მყოფი სამოქალაქო საზოგადოება დააკომპლექტოს საკუთარი მონებით, სამოქალაქო საზოგადოება, სადაც უკვე არსებობს ხალხი, ვისაც აქვს უდიდესი ცოდნაც, ინტელექტიც, სინდისიც, პატიოსნებაც. ასეთ ადამიანებს დაუშვებელია დაბალი საზოგადოებრივი თვითშეგნების მქონეები ან რაღაც ამგვარი უწოდო, მითუმეტეს, რომ ყველა ძალიან კარგად ამჩნევს, დაბალი საზოგადოებრივი თვითშეგნება სინამდვილეში ვისაც აქვს. ჩვენ რომ გვყავს, ასეთ ადამიანებს ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა. მე არაერთხელ გამიკრიტიკებია ქართული სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ არც ის დამვიწყებია, რომ ამ საზოგადოებაში არის საოცარი ხალხი, ადამიანები, ვისითაც ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა. უბრალოდ, მათ დაფინანსება სჭირდებათ, დაფინანსებასთან ერთად მათ სჭირდებათ, რომ სამოქალაქო აქტივობებების გამო მათ არავინ დაემუქროს, არავინ შეუქმნას საფრთხე მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მათ არ სჭირდებათ მზრუნველი მამიკო, რომელიც ფულს მისცემს იმას, ვინც უბრალოდ "დაევასება," ხოლო მეორე დღეს სრულიად არაფრის გამო შერისხავს და ჩააჩოჩებს ან სულაც, სანაგვეზე მოისვრის, როგორც გაფუჭებულ სათამაშოს. ჯორჯ სოროსი ცნობილია რასაც აფინანსებს. ის აფინანსებს ღია საზოგადოების პრინციპების ერთგულ ადამიანებს. საკუთარ მიმართვაში ივანიშვილმა არ ისაუბრა ყველაზე მნიშვნელოვანზე, მას სიტყვაც არ უთქვამს პრინციპებზე, რაც მაფიქრებინებს, რომ მისგან დაფინანსების მიღების უძირითადესი კრიტერიუმი ისევდაისევ მისდამი მონური მორჩილება იქნება და არა სხვა რამ. ასე რომ, ჩემთვის მისი ეს განაცხადი ღრმად არასერიოზული და ძალიან სასაცილოა. მე არ მსურს, ივანიშვილის გუნდში ვიყო. არ ვიცი, შესაძლოა, მას მართლაც გულწრფელად სურს, კარგი გაუკეთოს საქართველოს, მაგრამ მისი ინტელექტიდან და გემოვნებიდან გამომდინარე ამას ის ვერ მოახერხებს. მასთან ყოფნით უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდები. მირჩევნია, ძალიან ბოროტ ინტელექტუალთან მქონდეს ურთიერთობა, ვიდრე სულიერად ღატაკ, მაგრამ გულკეთილ ქველმოქმედთან. ის ამბობს, რომ "ქვეყანა გაანთავისუფლა სააკაშვილის სისხლიანი ტირანიისაგან." არადა, სააკაშვილი სულაც არ ერჩოდა ინტელექტუალებს. ვინ დააპატიმრა სააკაშვილმა, გოგი გვახარია, თათა ცოფურაშვილი თუ ნინია კაკაბაძე?! წამებას არ მივესალმები და ძალიან მკაცრად ვგმობ, მაგრამ სააკაშვილი ინტელექტუალებს არ აწამებდა, ზოგადად, პროდასავლური შეხედულებების და დასავლური მენტალიტეტის მქონე ხალხს პრობლემებს არ უქმნიდა, დღეს კი სწორედ ამ ხალხს ექმნება ყველაზე სერიოზული, ეკზისტენციალური ხასიათის პრობლემები რუსეთის აგენტურის მხრიდან. მე ძალიან ვწუხვარ, თუ რომელიმე ე. წ. კანონიერი ქურდი ან "კაი ტიპი" ცოცხებით გააუპატიურეს, მაგრამ ჩემთვის ქვეყნის ინტელექტუალური ელიტა გაცილებით უფრო ძვირფასია, შეუდარებლად უფრო ძვირფასი, ვიდრე რომელიმე საზიზღარი არსება, რომელიც ძალადობის გამო ჩასვეს ციხეში.

საკუთარ მიმართვაში ივანიშვილი ასევე საუბრობდა "საკადრო შიმშილზე" (ჯერ რა გამოთქმაა "საკადრო შიმშილი," ეს ცალკე განხილვის თემაა), და ეს მაშინ, როცა უბრწყინვალესი გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ადამიანებს (ასეთებს პირადად მე საქართველოში ძალიან ბევრს ვიცნობ) ელემენტარული დატვირთვის მქონე სამსახური და საკუთარი ნიჭის რეალიზების უმცირესი არეალიც კი არ გააჩნიათ (ეს იმ დროს, როცა უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე გვყავს ეკა ბესელიას და დავით საგანელიძის მსგავსი ხალხი). ის, რომ მიზანი თურმე მიღწეულია, ხელისუფლება ღირსეული ადამიანებით დავაკომპლექტე და არიქა, მოვქრივარ სამოქალაქო სექტორში და მანდ დამხვდით, არის ძალიან სასაცილო. მე რომ ივანიშვილის ადგილას ვიყო და ფორსმაჟორულ სიტუაციაში ის სისულელე გამეკეთებინა, რასაც წერა-კითხვის უცოდინარი ხალხისთვის უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობების ჩაბარება ჰქვია, სულ მცირე, ამ პარლამენტის ვადის ამოწურვამდე მაინც დავრჩებოდი კოალიციის ლიდერის პოსტზე და მომავალ საპარლამენტო სიებს უკეთესი ხალხით დავაკომპლექტებდი. მაგრამ ივანიშვილს ეს არ სჭირდება, მან სახელმწიფო სტრუქტურები საკუთარი გემოვნების მიხედვით უკვე დააკომპლექტა, ეს ხალხი მას სრულად აკმაყოფილებს. ამ ფონზე ნათლად წარმომიდგენია, სამოქალაქო სექტორს რა ხალხით დააკომპლექტებს თავის გარშემო. სიცილის მიზეზი ეტყობა არ მომაკლდება. რაც ეს კაცი გამოჩნდა, მას შემდეგ სულ ვიცინი და ახლაც მოუთმენლად ველი, როდის გამახალისებს და გამაცინებს საკუთარი ცინცხალი "ენჯეოებით." ჩემი აზრით, ამ "ენჯეოებშიც" ზუსტად იგივე მოხდება, რაც ხელისუფლებაში მოხდა: იქნება დეკორაციის მიზნით მიყვანილი რამდენიმე ინტელექტუალი ფიქტიური გავლენით საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე და მათ გვერდით რეალური გავლენის და ძალაუფლების მქონე ბნელი მასა, რომელიც ყველაფერ "არაქართულს" აქტიურად გააპროტესტებს და დაბლოკავს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ თან დაერთო მისივე განცხადება, რომ საქართველოს ევრაზიულ კავშირში შესვლას არ გამორიცხავს, თუ ამ კავშირის პირობები საქართველოსთვის "საინტერესო" იქნება. მინდა აქვე ძალიან მკაცრად და კატეგორიულად გავაფრთხილო ყველა, რომ ევრაზიულ კავშირზე ნურც იოცნებებენ. ამ კავშირის ხელმოწერის მცდელობას მოჰყვება მრავალათასიანი საპროტესტო აქციები და ამ აქციებს პირადად მე გავუკეთებ ორგანიზებას. ჩამოვაყალიბებთ საორგანიზაციო კომიტეტს, ქვეყანა გადავა პერმანენტული აქციების და დემონსტრაციების რეჟიმში და პროტესტი იქნება უკიდურესად მძაფრი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ ევრაზიულ კავშირში შესვლა ვინმე სურს, ჩემს გვამზე მოუწევს გადავლა. ამას არ დავუშვებთ როგორც მე, ასევე ის უამრავი სხვა ადამიანი, ვინც კარგად იცის, თუ რას ნიშნავს რუსეთის მონობაში ყოფნა. ევრაზიულ კავშირზე ფიქრიც კი დაუშვებელია. ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია.

ასე რომ, მე წინასწარ ვემიჯნები სამოქალაქო საზოგადოებაში მყოფ ბიძინა ივანიშვილს და ვაცხადებ, რომ ჩემი გვერდში დგომით სიამოვნებას ვერ მივანიჭებ. როგორც უკვე ითქვა, პოლიტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად უმწიფარი ვარ და ძალიან დაბალი საზოგადოებრივი თვითშეგნება მაქვს, ისევე, როგორც რენდლი მაკმერფის (ჯეკ ნიკოლსონის პერსონაჟი) მილოშ ფორმანის ფილმში "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა," თუმცა რენდლი მაკმერფისგან განსხვავებით მე მაინც იმდენად გიჟი ვარ, რომ ჩემი სიგიჟე მკურნალობას არ ექვემდებარება.



ნაწყვეტი მილოშ ფორმანის უგენიალურესი ფილმიდან "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა."

03.09.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten